“მსოფლიო ბანკის უახლესი გამოკვლევის – ბიზნესის მზაობის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო შრომის ინდექსით პირველ ადგილზე გავიდა, ანუ ჩვენი ქვეყანა ყველაზე ხელსაყრელ ადგილად აღიარეს შრომითი საქმიანობის ორგანიზებისთვის ბიზნესის მზაობის თვალსაზრისით”, – წერს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში.

„საქართველო შრომის ინდექსით პირველ ადგილზე – ფაქტები ციფრებში:

2024 წელს უმუშევრობა მნიშვნელოვნად შემცირდა და, სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებული 14,5%-ის ნაცვლად, 13,9%-ს გაუთანაბრდა. უმუშევართა რაოდენობამ ჩვენი საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმამდე დაიწია და 227 ათასს გაუტოლდა.

ჩვენს დროში უმუშევართა ყველაზე მაღალი რიცხვი, 21-ე საუკუნის ისტორიული მაქსიმუმი 2012 წელს დაფიქსირდა – 442,5 ათასი უმუშევარი, რაც 95%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.

შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წელიწადში უმუშევრობა საქართველოში თითქმის განახევრდა, არადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელს საქართველო, უმუშევრობის 12-წლიანი გაუარესებით, მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. 21-ე საუკუნის პირველ 12 წელიწადში უმუშევრობა ყველაზე მეტად სწორედ საქართველოში გაიზარდა. ზრდამ იმ პერიოდში 16 პროცენტულ პუნქტს გადააჭარბა და უმუშევრობის დონე თითქმის 27%-ს გაუთანაბრდა.

2024 წლის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე დასაქმებული ანუ დაქირავებული პირების რიცხვი (ვინც ხელფასს იღებს და იბეგრება) ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა და 960 ათასს აღემატება, რაც 2025 წლისთვის მათი რაოდენობის 1 მილიონამდე გაზრდას სავსებით რეალისტურს ხდის.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილ ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში უმუშევრობის დონის საპრეზენტაციო მაჩვენებლად 11,5%-ს უთითებს (2023 წელი), ეფუძნება რა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებულ შეფასებას. მართალია, ჯერ 2024 წლის შედეგები იქ ასახული არ არის, მაგრამ ამ მოდელზე დაფუძნებული უმუშევრობის დონე 2024-2025 წლებში, ადვილი შესაძლებელია, ერთნიშნა რიცხვამდე შემცირდეს და საქართველომ ისტორიულად ღირებული მორიგი მიღწევა დააფიქსიროს“, – წერს მიხეილ დუნდუა.