“ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, – წერს ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე.

“იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ტროტუარები, სამედიცინო პუნქტებამდე მისასვლელი გზები და ჩიხები; ასევე, ტექნიკა მუშაობს სოფლების მიმართულებით.

ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება 16 სოფელს. “ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფები უკვე გავიდნენ დაზიანებულ ლოკაციებზე და მუშაობენ, რათა მიწოდება დროულად აღდგეს.

ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მოადგილე დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე.

შექმნილი უამინდობის გამო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი 26-27 თებერვალს შეჩერებულია.

დღის მანძილზე აქტიურად გაგრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები და ეტაპობრივად, ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს”, – წერს გოჩა ენუქიძე “ფეისბუკის“ გვერდზე.