აჭარის მუნიციპალიტეტებში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები.
მეხუთე დღეა, გადაუღებლად თოვს ხულოში. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს, დაბალ ზონაში კი მეტრს გადააჭარბა.
საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბმა და ყველა შესაბამისმა სამსახურმა დახმარება გაუწიეს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა ადამიანებს, სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, ავადმყოფებს. აღნიშნული მოქალაქეებისათვის საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზა იქნა მიყვანილი, საცხოვრებელ სახლებიდან მოხდა თოვლის გადმოთოვლა.
დაბა ხულოში გაიწმინდა ყველა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტთან მისასვლელი გზა. ელექტროენერგია და წყალი შეუფერხებლად მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს.
24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტშიც. ინტენსიურად იწმინდება როგორც ცენტრალური ასევე, სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. ქედაში ელექტროენერგია 27 სოფლის 1820 აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.