რუსთავის სპორტის სასახლეში, საგანმანათლებლო სპორტული მუზეუმის სივრცეში წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
რუსთვის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, პარლამენტის დელეგატმა რუსთავისა და გარდაბნის ათი თემიდან – ირაკლი შატაკიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რუსთაველ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს გასულ წელს საერთაშორისო და ადგილობრივ ასპარეზობებზე მიღწეული წარმატებები მიულოცეს.
,,დღეს ჩვენმა გუნდმა სპორტსმენების წარმატებები შევაჯამეთ და მათ გამარჯვებები კიდევ ერთხელ მივულოცეთ.
რუსთაველმა სპორტსმენებმა 400-მდე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 2024 წელს, საერთაშორისო თუ საქართველოს ტურნირებზე და, რა თქმა უნდა, თითოეული რუსთაველი ამით ვამაყობთ.
სპორტის განვითარების მიზნით ჩვენ უამრავი სიახლე აქვს დაგეგმილი; ერთ-ერთი, რომელიც დღეს გავაჟღერეთ, არის ის, რომ წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, მერიის სტიპენდიას მათი მწვრთნელებიც მიიღებენ. ამ ადამიანების ძალისხმევა, სიყვარული და მონდომება რომ არა, ჩვენს სპორტსმენებს ასეთი დიდი გამარჯვებები და წარმატებები ნამდვილად არ ექნებოდათ. მუდამ მადლიერები ვიქნებით იმ ადამიანების, რომელთაც ასეთი სიხარულისა და სიამაყის განცდა მოაქვთ ჩვენთვის”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
დაჯილდოების ცერემონიალზე, 2024 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის, რუსთავის მერიისგან სპორტის სხვადასხვა სახეობის 21 სპორტსმენს, 7 გუნდსა და მწვრთნელებს მერიის სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია გადაეცათ.
რუსთავის სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა სპორტის განვითარების ცენტის თანამშრომელი ბადრი ბებია.
,,გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო რუსთავის მერს – ნინო ლაცაბიძეს ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის. ნამდვილად დასაფასებელია, როდესაც შენი ქალაქის მერი ასე აფასებს სპორტსმენებს, რომელთაც 400-მდე მედალი მოიპოვეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ტურნირებზე. ეს არის ქართული სპორტისა და ჩვენი სიძლიერე. თითოეულ სპორტსმენსა და მწვრთნელს, რომელმაც საკუთარი სპორტული მიღწევებისთვის დღეს მერიისგან ჯილდო მიიღო, მინდა მივულოცო და კიდევ ბევრი გამარჯვება ვუსურვო”, – განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, რუსთაველი სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.
2024 წელს, რუსთაველმა სპორტსმენებმა 400-მდე საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტურნირებზე მოიპოვეს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. გასული წლის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სპორტული მიღწევა კი რუსთაველი მოკრივის – ლაშა გურულის ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი და ძიუდოისტ გიორგი სარდალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა იყო. 15 მარტს, ლაშა გურულმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და პროფესიონალურ კრივში განელი მოკრივე ბერნარდ აბეი დაამარცხა.
რუსთავის მერია, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესების მიზნით, წარმატებულ სპორტსმენებს სპეციალური სტიპენდიითაც უზრუნველყოფს. 2021 წლიდან დღემდე, სტიპენდიის ოდენობა 125%-ით არის გაზრდილი. რუსთავის მერის – ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, მერია წარმატებული მწვრთნელების სტიპენდირების პროექტსაც იწყებს. საქართველოს ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული სპორტსმენების რუსთაველი მწვრთნელები მერიის სტიპენდიას ყოველთვიურად მიიღებენ.