შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ვ.ა., 1968 წელს დაბადებული ი.გ. და 1990 წელს დაბადებული ს.შ. დააკავეს.
ვ.ა. და ი.გ. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით არიან დაკავებულები, ხოლო ს.შ.-ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დაადგინა, რომ ვ.ა. და ი.გ. ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო- და ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ, ქვემო ფონიჭალაში, დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ს.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 261 – ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებითა და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.