საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით, ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისთვის ქალთა დასაქმების ფორუმი გაიმართა.
“ფორუმის მიზანს ქალების ეკონომიკური გაძლიერება და გააქტიურება წარმოადგენდა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნეს.
სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას ქალთა ეკონომიკური აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ფორუმზე 30-ზე მეტი კომპანია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 800-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთ სივრცეში შეხვედროდნენ დამსაქმებლებს და გასცნობოდნენ შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და კომპანიების შემოთავაზებებს.
დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
ღონისძიება თბილისის საკრებულოში, საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით, თბილისის საკრებულოსა და ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით, ქალთა ისტორიის თვის (მარტის) კამპანიის ფარგლებში გაიმართა”, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.