“ამ დღეებში მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი – ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ და ეჭვი მაქვს, აქაც იმავეს იტყვიან, რომ როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო, როცა ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო [როკის] გვირაბიდან, ასევე, კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა”, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
“მსხვერპლის რაოდენობა 80-მდე სახელდება. 80-მდე კაცი იმის შემდეგ არის გარდაცვლილი, უფრო სწორად, მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სათანადო და დროული გაფრთხილება არ მოხდა.
მსხვერპლი ნაკლები იყო იმიტომ, რომ ადამიანებმა თავიანთ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, – თვითონ აფრთხილებდნენ ადამიანებს, მათ შორის, ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელიც აქტიურად ვრეკავდი, განსაკუთრებით, კოდორის ხეობაში და ლიახვის ხეობაშიც. ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური და, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამის გამო გადარჩა.
თუ გიცდიათ კომისიის სხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება, რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს, ვიცით, რომ თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალების და ბავშვების გაყვანა, ანუ რაღაც გეგმა სავარაუდოდ არსებობდა.
თუ ეს გეგმა არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და, თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს, თუ იმსჯელეთ?” – მიმართა სოზარ სუბარმა პაატა დავითაიას.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.