დედაქალაქის მერის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 11 ჰექტარია.

“კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საკითხი იყო პრობლემა, რომელიც ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ათეული წლების განმავლობაში 3 500-მდე დაზარალებული ოჯახი ვერ იღებდა საკუთარ ფართებს. ჩვენ 2017 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავეცით დაპირება, რომ მათ აღნიშნულ პრობლემას მოვუგვარებდით – აუშენდებოდათ და საკუთრებაში გადაეცემოდათ ბინები. ამ მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.

ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამებით, დღეის მდგომარეობით, უკვე 2 500-მდე პირი დავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვს ბინები საკუთრებაში, ზოგიერთი მათგანის ბინები კი მშენებლობის პროცესშია.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ფართებით დასაკმაყოფილებელი ოჯახები, დამატებით გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 11 ჰექტარია.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, თბილისის მუნიციპალიტეტს, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დასაკმაყოფილებლად, გადმოსცეს არანაკლებ 24 100 კვ.მ საცხოვრებელი ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეგვეძლება, დამატებით დავაკმაყოფილოთ 300-მდე დაზარალებული ოჯახი. მინდა, მივმართო ბიზნეს სექტორს, ამ პროექტებით დაინტერესებულ ყველა პირს, რომ გაეცნონ შესაბამის პირობებს და მიიღონ მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში”, – აღნიშნა კახა კალაძემ.