„ვიცით, რომ პირველმა პარლამენტმა ავტონომიური ოლქი გააუქმა და, შესაბამისად, ის რაიონები, რაც იყო – ჯავის, ზნაურისა და ცხინვალის რაიონები, გადანაწილდა სხვადასხვანაირად. ზოგ შემთხვევაში შეიცვალა საზღვრები, ზოგი გახდა გორის ნაწილი, ზოგი – ხაშურისა და ქარელის“, – განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა, რომელმაც კითხვა დაუსვა თამაზ ბესტაევს – 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრს.
„პრაქტიკულად, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა, მართალია, ყოფილი დაარქვა, მაგრამ აღადგინა ის საზღვრები, რაშიც ავტონომიური ოლქი ფუნქციონირებდა. სამი რაიონი გაყოფილი იყო და მეოთხე – ახალგორი, შედიოდა მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციაში, საიდანაც გამოიყვანა და შეუერთა აღდგენილ ოლქს. ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოხაზა ის საზღვარი, სადაც უნდა დამდგარიყო საოკუპაციო ჯარი. იმას კი არ ვამბობ, რომ ასე რომ არ გაეკეთებინა და 2008 წლის ომი რომ მოხდებოდა, იმავე საზღვრებს არ მოხაზავდნენ, მაგრამ, რეალურად, მან მისცა ამ ყველაფერს ლეგიტიმაცია. თითქოს დამატებითი საბუთი მიაწოდა მათ ხელში. ასე მეჩვენება და თქვენი ადმინისტრაციის თვალთახედვით, როგორ ჩანდა სააკაშვილის ეს ნაბიჯი?“ – იკითხა სოზარ სუბარმა.