2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ, კომისიის წინაშე დასმულ კითხვებს სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ომის ვეტერანი ლაშა ქოიავა პასუხობს.

„2008-ში ინტენსიური მეცადინეობები მიდიოდა, იმიტომ, რომ მალე იქნებოდა საბრძოლო მოქმედებები. თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ, სადღაც, გაზაფხულზე შეიძლება დაწყებულიყო საბრძოლო მოქმედებები – გაზაფხულის ბოლოს, მაისი-ივნისის დასაწყისში. იმიტომ, რომ შესწავლილი მქონდა სამინისტროს შესაძლებლობები შიდა ქართლში და, აგრეთვე, დასავლეთ საქართველოში. ამან მაშინ საკმაოდ დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა.

მე დამისვეს ამოცანა, რომ საველე ჰოსპიტალი ქმედითი ყოფილიყო მაისის ბოლოსთვის. სახმელეთო ჯარების სარდალმა დამავალა ეს. მეცადინეობები მიდიოდა ყოველდღიურ რეჟიმში, გეგმის მიხედვით”, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.