სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა ლაშა ქოიავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის – ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაუქმებულ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებსა და ბატალიონებზე ისაუბრა.
„2007 წელს კეზერაშვილი დაინიშნა მინისტრად და მე ჩემს სუბიექტურ შეხედულებას ვიტყვი: მოხდა იმიტაცია იმის აღდგენის, რაც გაუქმდა ოქრუაშვილის დროს. იმიტომ, რომ ოქრუაშვილის დროს იყო გაუქმებული ძალიან ბევრი საკვანძო სტრუქტურა და ფუნქცია. გაუქმებული იყო სახმელეთო ჯარების შტაბი; გაუქმებული იყო სამხედრო დაზვერვა; ამერიკელების მომზადებული ათი ბატალიონი კომანდოსები; გაუქმებული იყო ფრანგებისა და შვეიცარიელების მომზადებული და აღჭურვილი სამთო-მსროლელი ბატალიონი; გაუქმებული იყო სამხედრო ჰოსპიტალი. სამხედრო ჰოსპიტალი გადაიტანეს გორში, მაგრამ რეალურად, მოხდა მისი გაუქმება, იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც ჰოსპიტალში მსახურობდა და იყო ჯარიდან, იყვნენ გაშვებული და ძირითადი ხალხი, ვინც შემდეგ გორის ჰოსპიტალში მსახურობდა, იყვნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც ჯართან საერთო არასდროს ჰქონიათ. გაუქმებული იყო ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი, სამხედრო აკადემია – შემდეგ აღდგენილი, გადატანილი გორში 8- თვიანი კურსით, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის ოფიცრის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.