„ორი პარალელური პროცესი მიდიოდა: ერთი – რომ საქართველო ომში უნდა ჩაბმულიყო, და მეორე – თუკი საქართველოს ხელისუფლება ამაზე უარს იტყოდა (და მათ ჰქონდათ ამის მოლოდინიც), მაშინ ალტერნატივად გათვალისწინებული იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან შემოიყვანეს და უკრაინიდანვე ღიად განაცხადეს, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ დაიწყებდა ომს, ამას გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„არ არის შემთხვევითი, რომ ბალტიისპირეთი ყველაზე მორჩილი აღმოჩნდა „დიფ სთეითის“ მიმართ [რაც მათი მხრიდან გამოიხატა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებსა და ნაბიჯებში]. მათ კარგად იცოდნენ, რომ რუსეთის მხრიდან [საომარი] ტერიტორიების გაფართოების შემთხვევაში, ორი შესაძლო განვითარება იყო: ერთი – საქართველო და მეორე – ბალტიისპირეთი.  ბალტიისპირეთში კი კარგად იცოდნენ, რომ თუ საქართველოში აინთებოდა ცეცხლი, ეს მათთვის მეხამრიდივით იქნებოდა – მძიმე როლს თავს დააღწევდნენ. სწორედ ამიტომ აქეზებდნენ თბილისის მთავარ მოედანზე მდგომი ბალტიისპირეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები აქციის მონაწილეებს.

სამწუხაროა ის, რომ ამ სატყუარას გარკვეული ნაწილი წამოეგო. ახალგაზრდების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რუსთაველზე ღირსებას იცავდა და, სინამდვილეში კი, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ტაშს უკრავდა მათ, ვინც ცეცხლის გაღვივებას ცდილობდა. მე რა აქციებიც მახსოვს საქართველოს ისტორიაში, ისინი ყოველთვის უკავშირდებოდა დამოუკიდებლობის მოთხოვნას. ახლანდელი აქციების მოთხოვნა კი მორჩილებაა – დამოკიდებულებას ითხოვენ. ამაში ხედავენ ქვეყნის პერსპექტივას. ჩვენ კი ვნახეთ, თუ როგორ მძიმედ განვითარდა ეს პერსპექტივა უკრაინაში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.