საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ზუგდიდის, დმანისის, სამტრედიისა და ფოთის თეატრებმა მონაწილეობა მიიღეს ინდურ-ქართული კულტურის ფესტივალში, რომელიც გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმადაბადში, სვარნიმის უნივერსიტეტში გაიმართა.
ფესტივალზე ქართულმა თეატრებმა ხუთი სპექტაკლი წარმოადგინეს და ინდოელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ორდღიანი ფესტივალი ქართულ-ინდური ორგანიზაციის – „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ ინიციატივით ჩატარდა.
ორგანიზაცია 2020 წლიდან აქტიურად უწყობს ხელს ინდოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას. მისი მიზანია ორ ქვეყანას შორის ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში არსებული კავშირების განმტკიცება და განვითარება.
ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი მერი, სვარნიმის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ინდოელი სტუმრები, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული კულტურის შესახებ უამბო თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ.
ქართულ-ინდური ორგანიზაციის – „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ თავმჯდომარემ – დარპან პრაშერმა ისაუბრა საქართველოსა და ინდოეთის კულტურულ მსგავსებაზე, ტრადიციებზე, ხელოვნების სფეროებში თანამშრომლობასა და ისტორიულ კავშირებზე.
მან საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.