ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდი ბრიტანეთის პოპულარული გამოცემის – “The Independent-ის” ჟურნალისტს მასპინძლობს. შონ მოლტონს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა.

მაია ომიაძემ ბრიტანელ სტუმარს დედაქალაქის ისტორიული უბნები გააცნო. ტურის ფარგლებში ბრიტანელმა ჟურნალისტმა თბილისის მუზეუმები, ისტორიული ძეგლები და კულტურულად საინტერესო ადგილები მოინახულა.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში იმყოფება მაღალრეიტინგული ბრიტანული მედიასაშუალება “The Independent-ის” ჟურნალისტი, რომელიც სტატიას გამოაქვეყნებს ჩვენი ქვეყნის შესახებ და საქართველოში ახალი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით; ასევე სტატიას მოამზადებს საქართველოს როგორც ახალი დანიშნულების ადგილის შესახებ, რომელსაც ბრიტანელები აუცილებლად ეწვევიან.

მოგზაურები ახალი ავიარეისებით ჩამოვლენ საქართველოში და ახალ ტურისტულ მიმართულებას აღმოაჩენენ.

ჟურნალისტი 5 დღის განმავლობაში დაათვალიერებს თბილისს და გაეცნობა ჩვენს კულტურას, იმ განსაკუთრებულ შეგრძნებებს, რასაც თბილისი მოგზაურებს უტოვებს და, ვფიქრობ, დიდი შთაბეჭდილებებით დატოვებს საქართველოს და თავის გამოცდილებას გაუზიარებს ბრიტანელ მკითხველს“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

„თბილისში ადრეც ვარ ნამყოფი და ახლა ბევრად უფრო განვითარდა.

თბილისი გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურით, სტილითა და მრავალფეროვნებით. ქალაქის თითოეული ნაწილი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებულია.

ძალიან მომეწონა ისტორიული ბაზარი, რომელიც ადრე ქუჩაზეც იყო და დღეს მიწისქვეშ არის.

რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ლონდონიდან ორი ავიაკომპანია ასრულებს რეისებს თბილისის მიმართულებით და ეს ხელს შეუწყობს მიმოსვლას. პირდაპირი ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, თბილისში მოხვედრა უფრო მარტივდება და, ვფიქრობ, აქ ბევრი მოგზაური ჩამოვა, ასევე, ბევრი ეწვევა საქართველოდან დიდ ბრიტანეთს“, – განაცხადა “The Independent-ის” ჟურნალისტმა შონ მოლტონმა.

გავლენიანი გამოცემა ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით “British Airways-ის” რეგულარული ფრენების, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და თბილისის შესახებ სტატიას ამზადებს.