„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი განცხადება საქართველოს შესახებ ზოგადი და ორაზროვანია. ერთადერთი ნაწილი, რაც ამ განცხადებაში ნეგატიურია, არის საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ. თუმცა ეს დემოკრატიული უკუსვლა ფაქტებით და არგუმენტებით არ დასტურდება“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

„საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას აფასებენ სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველო მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა 30-40 პოზიციით დაწინაურებულია ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა: სამოქალაქო თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური უფლებები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო ძველი ინერციის შედეგია, ვიდრე იმის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მოახერხა საქართველოში არსებული ვითარების შეფასება.

მით უმეტეს, დღეს რასაც ვხედავთ, არის ის, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საზრუნავია ამერიკის უპირველესი ინტერესების დაცვა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება.

ამ კონტექსტში კი, როგორც ჩანს, მათი მხრიდან საქართველოსთვის ჯეროვანი ყურადღების დათმობა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.