„ზუსტად იგივე პროცესები წარიმართებოდა საქართველოში, დაახლოებით, 35 წლის წინ, როდესაც მაშინდელი საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ქართველი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას და, სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს 9 აპრილიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
“დღეს ვხედავთ, რომ უკვე სხვა ძალები, მაგრამ – გარე ძალები ასევე ცდილობენ, ხელოვნურად გახლიჩონ ქართველი საზოგადოება, დათესონ სიძულვილი და ეს უცხო ძალები მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რითაც მოქმედებდა თავის დროზე საბჭოთა „კაგებე“. ვგულისხმობ ე. წ. დიფ სთეითს. ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ „დიფ სთეითი“ მოქმედებს ევროკავშირისა და აშშ-ის გამოყენებით. მანამდე მოქმედებდა ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე აშშ-ში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისათვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. დღევანდელი დავალებაც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ, ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად, საზოგადოების გასახლეჩად. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა და დღევანდელ დღეს მათ სცადეს, 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე კიდევ ერთხელ გამოეყენებინათ საზოგადოების გასახლეჩად. რა თქმა უნდა, როგორც დამარცხდა თავის დროზე – 34 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად ისე, ამ გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, აუცილებლად გაგვაერთიანებს სიყვარული და განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. ჩვენი საერთო ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და, ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის პასუხისმგებლობა გმირთა სულების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.