„მე მგონი, თქვენ ტყუით, ბატონო გიორგი. სწორედ იმ ჩემი ვიცე-პრემიერობის პოზიციიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თქვენ, ჩვენდა – ყველას სამწუხაროდ, მაკო გომურისა და სხვა დასახიჩრებული პირების სამწუხაროდ, ვახტანგ გომელაურისგან და სუს-ისგან არცერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება“, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ – თეა წულუკიანმა სხდომაზე მოწვეულ გიორგი გახარიას, რომელიც, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კომისიის წინაშე წარდგა.
„რკინის კედელი არ იდგაო, რომ იძახით… ეს რკინის კედელი ციდან ხომ არ დაეშვებოდა? თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი, ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, სადაც იქნებოდა სპეცსაშუალებებში, ასევე, შესაბამის ფურცელზე ჩაწერილი, რომ ადგილზე მისატანი იყო რკინის კედლები. რკინის ღობე ნამდვილად იყო, რომელიც თან ახლავს პარლამენტს, რაც თავი მახსოვს. ეს ჯებირი ყოველთვის იყო თაღებში, შემოსასვლელში. არ იყო საკმარისი? მე ხომ არ მოვიტანდი უცხოეთიდან, იუსტიციის მინისტრი, იღლიით რკინის კედლებს? მოგეტანათ რკინის კედლები, ამხელა უწყება გქონდათ. ბრძანებაში არ წერია რკინის კედელი და ახლა იძახით, – რკინის კედელი არ იყოო. რაც იყო, იმ ჯებირის უკან მაინც დაგეყენებინათ.
რატომ არ დაეკითხეთ უფრო კომპეტენტურს პროფესიით?! იმიტომ, რომ თქვენ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება არ გქონდათ. ვიღაც გეტყოდათ, ვინც იცოდა ეს, – გასწიე სპეცრაზმელები ჯებირის უკან, და არცერთს არ შეითრევდა აქციაზე მონაწილე თავის წიაღში და არ გაჩნდებოდა სიცოცხლის საფრთხე. ჰკითხეთ თუ არა ვინმეს რჩევა? თქვენ ამბობთ, – ვკითხეო, მე კი ღიად გეუბნებით, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.