აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 21 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს, 20 აპრილის 23:00 საათიდან 21 აპრილის 04:00 საათამდე კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, 20-21 აპრილს დაწესდება ცხრა დროებითი მარშრუტი – ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე, სასაფლაოების მიმართულებით, უფასოდ გადაიყვანენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების: „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიებიდან და „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.