“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ნაწამებმა ლაშა არქანიამ, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე ისაუბრა.

“მემუქრებოდნენ, თუ ხმას ამოვიღებდი, მათივე სიტყვებით, თუ ბულინგს გავაგრძელებდი, ოჯახის წევრები ცოცხლებიც არ მეყოლებოდა, არათუ პატიმრობაში აღმოჩნდებოდნენ; მათ შორის, ასაკოვანი დედის გაუპატიურებით მემუქრებოდნენ, თუ ხმას ამოვიღებდი და სიმართლეზე საუბარს გავაგრძელებდი.

საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ დამჭირდა ხერხემლის ოპერაცია, იმიტომ, რომ მოყენებული ტრავმის გამო დამიზიანდა მე-4 და მე-5 მალები. “წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა” მატერიალურად უზრუნველყო ოპერაცია და შესაბამისი რეაბილიტაცია, რაც დამჭირდა. ფსიქიკურად მყარად ვიყავი და დღემდე ვთვლი, რომ ჯანმრთელი ვარ (ფსიქიკურად)”, – აღნიშნა ლაშა არქანიამ.