თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილის“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

მოქალაქეები აღნიშნული ავტობუსებით ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.

ამასთან, აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.