პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის დროზე, როდესაც ის იყო პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი თუ პარტიულ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში. პანდემიის დასრულების შემდეგ მან ჩაიბარა ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც რეცესიაში იყო და, მიუხედავად ამისა, შეძლო, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდისთვის ჩაეყარა საფუძველი. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღესაც გრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მაშინ, როცა  საქართველოს აიძულებდნენ, ომში ჩაბმულიყო. ის, შეიძლება ითქვას, რომ პირველი იყო იმ ადამიანებს შორის, რომელზეც ყველაზე დიდი წნეხი განხორციელდა. ღარიბაშვილმა გაუძლო ამ წნეხს. მახსოვს, როგორი ბულინგი ხორციელდებოდა მის მიმართ, მისი ნებისმიერი გამონათქვამის მიმართ. იმ პერიოდში საზოგადოება გაცილებით უფრო მოწყვლადი იყო ცრუ ნარატივების გავრცელების მიმართ და მას ძალიან დიდი საზოგადოებრივი წნეხის გადალახვა უწევდა, რათა გარკვეული ფენისთვის დაემტკიცებინა ის სიმართლე, რასაც ამბობდა. რასაკვირველია, ეს არ ეხებოდა ყველას, მაგრამ მაშინ საზოგადოებაში იყო გაცილებით უფრო დიდი ფენა და მოსახლეობის რაოდენობა, ვისაც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი მავნებლების უსიტყვოდ და უპირობოდ სჯეროდა და ფიქრობდა, რომ დასავლეთს მხოლოდ კარგი უნდოდა საქართველოსთვის.

ვიმეორებ: ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში უდიდესი როლი შეასრულა.

მისი გადადგომა, სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად აღარ მონაწილეობდა პოლიტიკაში. თუ ის მიიჩნევს, რომ მოიხადა ვალი სამშობლოს, ქვეყნის, ერისა და პარტიის წინაშე, მაშინ მას ნამდვილად აქვს უფლება, განაცხადოს წასვლის შესახებ”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.