უეფა-ს მედიაოფიცერმა, ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობისა და განსხვავებული პოზიციის გამო, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მასსა და მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.
კვარაცხელიამ მისი მამიდაშვილის სტუმრობა და მონათხრობი გაიხსენა.
“ჩემი ალალი მამიდაშვილი, რომელიც წალენჯიხის რაიონიდან, სოფელი საჩინოდან იყო, ხშირად მსტუმრობდა. ჩემთან მოვიდა, მოულოდნელი ვიზიტი იყო, სახეც შეშლილი ჰქონდა და, რა მოგივიდა-მეთქი, – ვკითხე. დამიჭირეს, მტკვრის სანაპიროსთან ამიყვანეს, ჩამსვეს მანქანაში, მობილური მაშინვე მტკვარში გადააგდეს, წამიყვანეს, შემამოწმეს – ნარკომანი ხომ არ არისო და, ვინც მამოწმებდა, იმათ ეუბნებოდნენ, – ჩაწერეთო. ისინი გადაირივნენ, – კაცს არაფერი აქვს და როგორ ჩავწეროთო [რომ ნარკომანია]. არ ვუცემივართ, მაგრამ მამუშავებდნენ, რაღაცებს მეუბნებოდნენო; წამიყვანეს ერთ-ერთ სამმართველოში (ვერ იხსენებს – რომელში), სარდაფში ჩამიყვანეს და მითხრეს: ვიცით, შენი ბიძაშვილი რომ არის მამუკა კვარაცხელია; ვიცით, რომ შიმშილობდა და შენც ხშირად სტუმრობდიო და მაჩვენეს ჩემს ოჯახზე გადაღებული ფილმი – ჩემი მეუღლე როგორ და სად აყენებდა მანქანას, დედაჩემი პურის რომელ მაღაზიაში მიდიოდა, ჩემი ძმისშვილი ჩემს რძალს რომელ ბაღში მიჰყავდა – ეს მაჩვენეს და მითხრეს: გადაეცი კვარაცხელიას, თუ არ გაჩერდება, ყველაფერი ვიცით მასზეო. იმ დღის შემდეგ, გესმით, რაც მომივიდოდა – ჩემი თავი ჯანდაბას, ოჯახის წევრებისთვის რამე რომ არ დაეშავებინათ, მეორე თუ მესამე დღეს დანიაში წავედი, იქ დიდი სამეგობრო მყავს, ერთ-ერთი ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ და მეგობრებთან ჩავედი, სხვა გზა არ მქონდა”, – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.