პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე განიხილება, სპორტულმა ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ მისი გატაცებისა და ცემის ფაქტზე ისაუბრა.
„შავი ზღვის ქუჩაზე ვარ და, როგორც კი ავუხვიე, დიდი, შავი, უნომრო ჯიპი აშკარად მეჯახება. ეტყობა, ვიღაც მთვრალია-მეთქი და გვერდზე გადავაყენე მანქანა. სანამ მე გადავაყენებდი, ოთხი ორმეტრიანი “ტიპი” ნიღბებითაა გადმომხტარი. გამოგლიჯეს კარები და მაშინვე მეცნენ, შემათრიეს თავიანთ მანქანაში, რაღაც წამებში, კინოებში რომ გინახავთ, ეგეთი რაღაც მოხდა. თავზე, რა თქმა უნდა, ნიღაბი, ხელები უკან გაკრული, ფეხები უკან გაკრული და მაშინვე დამუშავება დაიწყეს. არავის ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნას. როცა ვეღარ ხედავ, გონება მოქმედებს და, დაახლოებით მივხვდი, რომ თბილისის ზღვაზე ამიყვანეს. იქ წავიდა სერიოზული ფიზიკური დამუშავება, ძალიან პროფესიული ცემა.
სამი “ტიპი” მირტყამდა, როგორც მივხვდი და ერთი რაციაზე იჯდა, იმიტომ, რომ რაციის ხმა ისმოდა სულ, და იყო საშინელი შეურაცხყოფა. მესმის, დავალება რომ გაქვს მიღებული და ადამიანს სცემ, ეს კიდევ მესმის, მაგრამ როდესაც ადამიანს აგინებ, მის ახლობლებს, მის ოჯახს… ნიშნობის ბეჭედიც კი მომაძვრეს ხელიდან და, ალბათ, იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი… ათივე თითი მოტეხილი მქონდა. თითებში მირტყეს. მახსოვს, რომ რაც მოვახერხე, უკან მარცხენა ხელი გადავაფარე მარჯვენას და საშინელ დღეში მქონდა მარცხენა ხელის თითები; 6 ნეკნი – მოტეხილი… როგორც შემდეგ დასკვნიდან წავიკითხე, ლავიწის ძვალი, უკანა ძვალი და ა.შ.
თავში არ მირტყამდნენ, რომ ტკივილი შემეცნო, არ გავთიშულიყავი და გამეგო, რატომ მსჯიდნენ. მეუბნებოდნენ, – შენ “კაი ბიჭებზე” რაღაცეები გითქვამსო, და ჩვენ ცხინვალიდან ჩამოვედით შენი მანქანის მოსაპარადო. ესე იგი, 12 წლის „Mitsubishi Pajero-ს“ მოსაპარად ჩამოვიდნენ ცხინვალიდან. ომამდე დარჩენილია თვე-ნახევარი, ჩიტი ვერ შეფრინდება ცხინვალში და აქეთ, გესმით ახლა, რა პერიოდია.
შეიძლება იღებდნენ კიდეც, რადგან მე მივხვდი, რომ ცოტა ხანს რომ გავუძალიანდი, ხმას არ ვიღებდი, ვითმენდი ტკივილს და მერე მივხვდი, რომ ამათ უნდოდათ, პირიქით, მეხვეწა: “ბიჭებო, არ მომკლათ”… დაახლოებით 30-45 წუთი გაგრძელდა ეს სერიოზული ცემა. ღმერთმა ყველა დაიფაროს – ერთ წერტილში ათჯერ რომ ურტყამენ ადამიანს, ეს არის საშინელი ტკივილი და ჭკუიდან გადაჰყავხარ ტკივილს, თან გაგინებენ. მერე, რატომღაც, ისე მოხდა, რომ მანქანაში მქონდა ჩემი სამი პასპორტი ვიზებით, მობილურები, რაღაცები და, რომ ნახეს, ეტყობა, ეს ნამეტანი სამშობლოს მოღალატეს არ ჰგავსო, ინფორმაცია ჰქონდათ, უბრალოდ, სახელი, გვარი და მანქანა და მერე, ეტყობა, რაციაზე ვინც იჯდა, უთხრა, რომ UEFA-ს ვიღაც არის და მერე, ეტყობა, მიიღეს გადაწყვეტილება. ძლიერი ტიპები იყვნენ, ცალი ხელით ამწია ერთმა, მახსოვს, და წამიყვანეს ვაშლიჯვრის ტყეში, დამაგდეს გზასთან ახლოს. ალბათ, ერთი საათი ვეგდე იქ. უკვე ვცივდებოდი. მახსოვს, ხელებს და ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი და ძაღლმა მიპოვა. ყეფა მესმოდა. ძაღლი მოვიდა. მერე პატრონი მოჰყვა“, – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.