საპარლამენტო ჯგუფ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს – თეა წულუკიანს პლენარულ სხდომაზე, სადაც წულუკიანმა კომისიის საქმიანობის შუალედური ანგარიში წარმოადგინა და კომისიის მუშაობის ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, კითხვები დაუსვა.
ეკა სეფაშვილმა კომისიის მიერ ამ დროისთვის გაწეულ საქმიანობას მნიშნელოვანი უწოდა.
„დიდი მადლობა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და, ზოგადად, თქვენი ხელმძღვანელობით ამ კომისიის მუშაობის ასეთ მაღალ დონეზე წარმართვისთვის. მადლობა თქვენ და კომისიის თითოეულ წევრს, ვინც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ფაქტობრივად, არანორმალური ფსიქოლოგიური დატვირთვის ხარჯზე უძლებთ ამ დიდ წნეხს, ამ საშინელებების ხელმეორედ, პირისპირ მოსმენას და ინარჩუნებთ სიმშვიდეს, როდესაც იგებთ ასეთ შემზარავ ფაქტებს, რასაც მოსახლეობის ზოგიერთი ნაწილი პირველად ისმენს, ხოლო ზოგიერთისთვის შეხსენებაა იმ ტკივილის, რაც იმ წლებში განიცადა.
ბევრჯერ მკითხა საზოგადოებამ და ჩვენს მომხრეებს, საქართველოს განვითარების მომხრეებს და გულშემატკივარ ადამიანებს აინტერესებთ: როდესაც კომისია მუშაობას დაამთავრებს, რა იქნება შედეგები? ამ ძალების მხოლოდ პოლიტიკური გასამართლება მოხდება, თუ სხვა, შემდგომ ნაბიჯებსაც შეიძლება მოელოდეს საზოგადოება, იგივე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას და ა.შ.? მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომისიის მუშაობა ეხება არა მარტო 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდეგ პერიოდსაც.
ასევე, მეორე კითხვაც მაქვს: ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ დასვეს საკითხი იმის შესახებ, რომ კარგი იქნება, კომისიის მუშაობის შედეგები და გამოვლენილი ფაქტები ფართოდ გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამ მიმართულებით, ხომ არ იფიქრებდით რაიმე სპეციალური ღონისძიების ორგანიზებას საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებული ელჩებისთვის – იმისთვის, რომ სპეციალური ღონისძიება შევთავაზოთ ამ კომისიაზე გამოვლენილი და საზოგადოებისთვის ხელახლა შეხსენებული საზარელი ფაქტების შესახებ, რაც საქართველომ და საქართველოს მოქალაქეებმა გაიარეს იმ ავადსახსენებელ წლებში და როგორც ცდილობდნენ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, 2012 წლის შემდეგაც, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლასა და მავნებლობას”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სასურველია, კომისიის დასკვნა რაც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.