პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ნაწამებმა ყოფილმა პატიმარმა ლაშა არქანიამ ისაუბრა და გატაცებისა და წამების ფაქტი გაიხსენა.
„2011 წელს 14 ივნისს ჩემს სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ზარის საფუძველზე, სახლიდან მოტყუებით გამიყვანეს და, ჩემი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე – ვერ ვიტყვი დაკავებას, იმიტომ, რომ ეს იყო გატაცება – გამიტაცეს, როგორც შემდგომ აღმოჩნდა და დღესდღეობით არის ცნობილი და, ამავე დროს, დამტკიცებული, იმჟამინდელი რეჟიმის სამართალდამცველმა პოლიციელებმა. ესენი იყვნენ იმჟამინდელი ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი, აწ გარდაცვლილი ვახტანგ აბაშიძე, რუსლან აბულაძე და ხატაბერ სამუშია. ამ პირებმა ჩემ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და კანონის დარღვევა დაიწყეს გატაცების მომენტიდან, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათ არ უთქვამთ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, თავს ასაღებდნენ კრიმინალებად და, შესაბამისად, იქცეოდნენ კიდეც, როგორც კრიმინალები, მეტიც – როგორც სადისტები. ცემა დამიწყეს დაკავების მომენტიდან, მომაქციეს სავარძლებს შორის, ხელები შემიკრეს მაისურით. მათ ჰქონდათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჩამჩარეს, ძალით ჩამიდეს პირში, დამემუქრნენ მკვლელობით და მიყენებდნენ აბსურდულ მოთხოვნებს, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა არც პოლიციის ქმედებას და, შემიძლია ვთქვა, რომ არც ადამიანის ქმედებებს ზოგადად.
შემდეგ მათ მიმიყვანეს მეზობელი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებული ქარხნის შენობაში, სადაც ასევე გააგრძელეს ჩემი ცემა-წამება, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ უკვე დამიწყეს სხეულზე, კონკრეტულად კი იღლიებში სიგარეტით დამწვრობის მიყენება და მთხოვდნენ იმჟამად ძებნაში მყოფი ჩემთვის ნაცნობი, მაგრამ აბსოლუტურად წარმოუდგენელი მიზეზებით ძებნილი პირის შესახებ ინფორმაციის გამოძალვას. მე მის შესახებ არ მქონდა არანაირი ინფორმაცია და ვერ ვახერხებდი ამის თქმას მანამდე, სანამ არ მოვახერხე პირის ცეცხლსასროლი იარაღისგან გათავისუფლება“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.