„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, ასევე, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს”, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ კულტივირების ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1999 წელს დაბადებული ნ.ს; 1986 წელს დაბადებული ო.გ.; 2005 წელს დაბადებული ა.ა.; 1999 წელს დაბადებული შ.ი.; 1999 წელს დაბადებული მ.გ.; 1996 წელს დაბადებული დ.ა.; და 1975 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე უ.მ.
დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი”, „ჰეროინი“ „ალფა-პვპ”, „გამომშრალი მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.
ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260 ტერცია და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.