ბრიტანულმა გამოცემა “The Economist-მა” გაერო-ს მიერ ადამიანის განვითარების ინდექსზე დაყრდნობით ცხოვრების სტანდარტის რეიტინგი შეადგინა, რომლის თანახმადაც, საქართველო, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას უსწრებს.

საქართველო, 0,844 ქულით, რეიტინგში 57-ე ადგილზეა. რეიტინგის მიხედვით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74,5 წელს შეადგენს, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის საშუალო ხანგრძლივობა – 16,8 წელს. მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 20 ათას დოლარს აღემატება.

სომხეთი რეიტინგში 69-ე ადგილზეა; აზერბაიჯანი – 81-ე; რუსეთი – 64-ე; უკრაინა – 87-ე; მოლდოვა – 86-ე; ყაზახეთი – მე-60; უზბეკეთი – 107-ე; ტაჯიკეთი – 128-ე; თურქმენეთი – 95-ე და ყირგიზეთი – 117-ე.

რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რეიტინგში ლატვია 41-ე ადგილზეა; ლიეტუვა – 39-ე; ესტონეთი – 36-ე.

“The Economist-ის” მიხედვით, ცხოვრების საუკეთესო სტანდარტი ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვეიცარიაშია. ცხოვრების ყველაზე ცუდი სტანდარტი კი სამხრეთ სუდანშია. აფრიკის ეს ქვეყანა რეიტინგში ბოლო, 193-ე ადგილზეა.