“არ არსებობს ასეთი პრინციპი – ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე, არ შეიძლება, 500 ადამიანი სჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე. ასეთ ფარსს ვერავინ მიჰყიდის ქართულ საზოგადოებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა 2023-2024 წლებში ჩადენილი დანაშაულები გაიხსენა.

„2023 წელს გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი. მაშინ ერთი კაცი იყო დაპატიმრებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა – ცნობილი გრიგორიადისი. შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულზე, ასევე გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი და დაპატიმრებული იყო მხოლოდ 6 ადამიანი, აქედან ერთ-ერთი იქნა შეწყალებული, 5 დარჩა მხოლოდ პატიმრობაში და ამან იქონია ძალიან ცუდი, ანტიპრევენციული ეფექტი. როდესაც მთელ ქალაქს წვავენ და არავის იჭერენ, რა თქმა უნდა, ამას აქვს წამახალისებელი ეფექტი. ახლა რა მოხდა – დაახლოებით 500 ადამიანი იყო ჩართული უმძიმეს ძალადობაში სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციელებისა და, ზოგადად, ქვეყნის წინააღმდეგ, და ამ 500-დან მხოლოდ 30 ადამიანი არის დაჭერილი. ეს ხომ ჩვენს თვალწინ მოხდა. ეს უმძიმესი ძალადობა მოხდა ჩვენს თვალწინ”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.