„ბალტიისპირეთის ქვეყნებს ყველაზე მეტად აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და ამ ყველაფერს უკავშირდება ის, რომ ისინი მთლიანად მოქმედებენ „დიფ სთეითის“ კარნახით. შესაბამისად, სამწუხაროდ, ყველაზე აქტიურად სწორედ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის, იმიტომ, რომ განსაკუთრებული სენტიმენტები გვაქვს როგორც ესტონელი, ისე ლატვიელი და ლიეტუველი ხალხების მიმართ. ჩვენთვის დასანანია, სამწუხაროა და სწორედ ამიტომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკასთან”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან სანქციებს შეეხებოდა.
“რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვისკენ მათი მხრიდან ნაბიჯის გადადგმას. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია. ვართ მოლოდინის რეჟიმში. ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან პრაგმატული ნაბიჯების იმედი გვაქვს. დღეს ევროპული ბიუროკრატია არის, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ. ეს გავლენა არის არსებითი. თუ ევროპაც მოახერხებს არსებითად „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები გაჯანსაღდება. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.