“[“ქართული ოცნების”] მთავარი მიზანი არის საკუთარი სამშობლო და მისი მსახურება”, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
„მისი გაერთიანება პერსპექტივაში, ყველამ ვინატროთ, რომ ახლოვადიანში… მაგრამ ეს რთული ამბავია – ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ ნებისმიერ საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა – ქვეყნის დამოუკიდებლობა, და ამას ხშირად, შემთხვევით არ ვახსენებ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, გადაწყვეტილებებზე ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ (და არა გარედან დანიშნულმა ადამიანმა) მიიღოს გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში, – ეს არის უპირველესი. ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის გამთლიანება; არა მხოლოდ გაერთიანება, არამედ გამთლიანება, ხალხის გამთლიანება, ტერიტორიების გაერთიანება, ჩვენი აფხაზი, ოსი დებისა და ძმების წინაშე შერიგების ვალდებულება – მათიც და, ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაც; უნდა შევრიგდეთ, მივუტევოთ ერთმანეთს, მხოლოდ შერიგების, მშვიდობის გზით გავაერთიანოთ ეს ქვეყანა და განვვითარდეთ.
საამაყოა, ბუნებრივია, და ეს არის ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის, მიმდინარე საკითხების წინაშე პასუხისმგებლობა, როგორც დღეს ვართ ევროპაში პირველები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით… ამის გამეორება ბევრს არ უნდა ხოლმე, იმიტომ, რომ აქედან მერე რთული გამოდის ოპოზიციონერობა. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეს არის – ამ ხალხის კეთილდღეობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. როდესაც სიღარიბის შემცირებაზე ვსაუბრობთ და მაინც რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი გრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, აქ არ შეიძლება კმაყოფილება არავითარ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც იცი, რომ ტემპი და დინამიკა ისეთია, რომ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ, ეს არის მომავალში მაქსიმალური კეთილდღეობის საფუძველი. ეს მარტივი ამბებია, რასაც სჭირდება სწორი შეფასება, მათ შორის, დაფასება და პარტიული მიზნებიც სწორედ ამაში მდგომარეობს. ეს მიზნები ასოცირებული და დაკავშირებულია ბრძოლასთან და ეს ბრძოლა არის საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლა, – რომ გარედან ვერ გიმართონ შენი ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.