“ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ნებისმიერი მიმართულებით გაძლიერება ავტომატურად ემსახურება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებასა და გაძლიერებას”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსზე საუბრისას.
„როდესაც მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით პირველ ადგილზე ვართ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დასახული მიზანი (და ეს ჩვენთვის – ყველასთვის ძალიან აქტუალურია), კორუფციასთან ბრძოლის ინდექსი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში, არის მიღწევადი. მე პირადად, ჩვენ, ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს, და ამას შემთხვევით არ ვამბობ. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მათ შორის, კამერებს მიღმა და ეს არის ის მიზანი, რომელიც, თავის მხრივ, ბევრი მიმართულებით გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის, ასევე, დამოუკიდებლობის მიმართულებითაც. რაც უფრო მეტად აღმოვფხვრით კორუფციას, ნებისმიერ რგოლში, რაც უფრო მეტად შევებრძოლებით და თავს გადავდებთ ამისათვის… კი ბატონო, გვაქვს სერიოზული წარმატებები ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოში ვიყოთ პირველ სამეულში კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ ამისთვის შეგვიძლია, თავი გადავდოთ ყოველგვარი პათეტიკის და გადაჭარბების გარეშე, რაც ასევე ამ ინდექსთან ერთად და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და ჩვენს სითამამეს ნებისმიერთან ურთიერთობაში კიდევ უფრო გააძლიერებს, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.