„დედაქალაქის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრას ჰუმანური და ეფექტიანი გზებით გეგმავს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი, ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს.

საგრძნობლად გავზარდეთ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მაგრამ დახარჯული ძალისხმევა ვერ ეწევა უკონტროლოდ გამრავლებული და მიუსაფარი ცხოველების რიცხვს.

პოპულაციების მართვის ცენტრის მშენებლობის შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება. თავშესაფარი დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც აღიარებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კალაძის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოვახდინოთ რეაგირება თითოეულ გამოძახებაზე და დამატებით გამოვყოთ ჯგუფები ქალაქში მონიტორინგისთვის.

ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და, შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.