„რუსული დაზვერვა იყენებს სერბ აგენტს, რათა შეაღწიოს ევროკავშირის ინსტიტუტებში და კრემლის პროპაგანდა გაავრცელოს“, – ინფორმაციას „Politico“ დასავლური ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სადაზვერვო მონაცემების თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში სერბეთის მოქალაქე ნოვიცა ანტიჩი – აქტიური „გავლენის აგენტი“, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან – ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ გერმანელი ვიოლა ფონ კრამონი („მწვანეები“), იტალიელი ალესანდრა მორეტი („სოციალისტები და დემოკრატები“) და სლოვაკი ვლადიმირ ბილჩიკი („ევროპის სახალხო პარტია“). უცნობია, ჰქონდათ თუ არა ევროპარლამენტარებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნოვიცა ანტიჩი რუსულ „ეფესბესთან“ არის დაკავშირებული.

არსებული ინფორმაციით, ანტიჩი მუშაობს „ეფესბესთან“ დაკავშირებულ პირთან, რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ კალინინთან, რომელიც ონლაინგამოცემა “Veteran News-ის” მთავარი რედაქტორია. ვებგვერდზე მითითებულია, რომ “Veteran News-ი” „ეფესბეს“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვანი უწყებების „საინფორმაციო პარტნიორია“.