„ქოლგა, რომელიც წვიმის შეკავებას ისახავდა მიზნად, მზის სხივების ნათებას უშლის ხელს?” – ამ სათაურით ეხმაურება “Europeantimes-ი” საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში განვითარებულ პროცესებს და საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციის, “CISAC-ის” თავმჯდომარეს – გადი ორონს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

სტატია საინტერესო პარალელს ავლებს გარი კასპაროვთან, რაც მეტად ყურადსაღებია იმ ფონზე, რომ ახლახან, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გარი კასპაროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში დაამატა.

უცვლელად გთავაზობთ სტატიის ქართულ ვერსიას:

„ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, როცა ჭადრაკის ჩემპიონი გარი კასპაროვი FIDE-ს დაუპირისპირდა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი საჩივრები FIDE-ს მაშინდელი პრეზიდენტის, ფლორენციო კომპანესის წინააღმდეგ, თითქმის სიტყვასიტყვით დაემთხვეოდა მის შემდგომ კრიტიკას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სადაც ის ამბობდა, რომ მზარდი ავტორიტარიზმი, ნეპოტიზმი, გაუმჭვირვალობა და კორუფცია იწვევდა დემოკრატიული პროცესების ეროზიას აღნიშნულ „ქოლგის“ ორგანიზაციაში. ამ ყველაფერმა ორგანიზაცია გადააქცია დახურულ კორპორაციად, სადაც კორპორატიული ინტერესები ჯაბნიდა საზოგადოებრივ კეთილდღეობას და მხოლოდ გავლენების მოხვეჭისკენ ისწრაფოდა.
მოგვიანებით ისტორიამ გვიჩვენა, როგორ წააგო პუტინთან ბრძოლა კასპაროვმა და 2012 წელს რუსეთიც დატოვა, თუმცა, ამის პარალელურად, მთელი მსოფლიო აკვირდებოდა, თუ როგორ შეიცვალა პუტინის რუსეთი და მისი მმართველობა ბოლო წლებში ზუსტად იმგვარად, როგორც ამას კასპაროვი ამბობდა.
ის მოვლენები, რაც დღევანდელ საქართველოსა და საავტორო უფლებების სფეროში ხდება, ძალიან მოგვაგონებს გარი კასპაროვის დაპირისპირებას FIDE-სთან. საქართველო ოცდაათი წელია, ცდილობს, გათავისუფლდეს რუსული ოკუპაციისგან და სრულად ინტეგრირდეს ევროპულ საზოგადოებაში. მართალია, საქართველოში არ არსებობს ხელოვნების გამოჩენილი ფიგურა, რომლის განსხვავებული ხმაც ისეთივე რეზონანსულია, როგორიც კასპაროვის, თუმცა, ავტორთა და კომპოზიტორთა საერთაშორისო კონფედერაცია (მთავარი ქოლგა ორგანიზაცია საავტორო უფლებების საკითხებში – “CISAC-ი” მაინც “დეჟავუს” წინაშე დგას, რადგან მისი მოქმედი ლიდერი გადი ორონი ქართველმა ხელოვანებმა საქართველოში აქამდე მოქმედი ორგანიზაციის – “GCA-ის” („საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“) თავმჯდომარის, რომელიც ასვე “CISAC-ის” წევრია, გიგა კობალაძის ლობიზმში დაადანაშაულეს. “დეჟავუ” კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს პერიოდს, როდესაც კასპაროვმა საერთაშორისო საჭადრაკო „ქოლგა“ ორგანიზაციის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის ჭადრაკის ფედერაციასთან (FIDE-ს წევრი) შეთანხმებაში და კომუნისტური რეჟიმის ფავორიტი მოჭადრაკის – ანატოლი კარპოვის ადვოკატირებაში დაადანაშაულა.

მოვლენები საქართველოში ასე განვითარდა:
გასულ წელს საქართველოში საავტორო და მასთან დაკავშირებული უფლებების მართვის სფეროში ყოვლისმომცველი რეფორმა განხორციელდა. ეს რეფორმა, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივების შესაბამისად, საფუძვლიანად განიხილავდა საკუთრების კოლექტიური უფლებების მართვის საკითხებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად დადგენილ რეგულაციებს ეყრდნობოდა.
საქართველოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების“ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი პარტნიორების – CLDP-ისა და USAID-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით გაგრძელდა. პროექტის დაწყებისთანავე უზრუნველყოფილი იყო პროცესის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. პროექტის შემუშავებისას ჩართული იყო არაერთი საერთაშორისო და ავტორიტეტული ორგანიზაცია. კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა ორი საჯარო მოსმენა და, ასევე, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან.
ახალმა კანონმა დაადგინა გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და კარგი მმართველობის პრინციპები, შექმნა უფლების მფლობელებისა და მოსარგებლეების ინტერესების დაცვის საუკეთესო სამართლებრივი გარანტიები. ამასთან, კანონით განისაზღვრა ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვისათვის ორგანიზაციების სავალდებულო აკრედიტაცია.
აკრედიტაციის სრული პროცესი განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
კანონით დადგენილი წესით, “საქპატენტმა”, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად კონკურსი გამოაცხადა.
აკრედიტაციის კონკურსში გამარჯვებულად კი „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“ (IPOA) გამოცხადდა.
საქართველოს მანამდე მოქმედი საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA), რომელიც უცვლელი თავმჯდომარის, გიგა კობალაძის ხელმძღვანელობით 12 წლის განმავლობაში სარგებლობდა ამ სფეროში მონოპოლიით, კონკურსიდან დისკვალიფიცირებულ იქნა.
აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში, ორმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ფირმამ ზედმიწევნით შეისწავლა კობალაძის საქმიანობა და მრავალი უხეში დარღვევა გამოავლინა. გაირკვა, რომ “GCA-ის” თავმჯდომარემ წლების განმავლობაში ასოციაციის დაგროვებული გადასახადების თითქმის ნახევარი (47%) მისი ადმინისტრაციის კომფორტისთვის მიითვისა, რაც ბევრად აღემატებოდა სფეროში დადგენილ ნორმებს. შედეგად, 14 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვა და უკანონოდ მითვისება მოხდა. ამ სკანდალური ფაქტების გამჟღავნებამ გამოჩენილი ქართველი ავტორების მიერ “GCA-თან” ურთიერთობის გაწყვეტის მრავალი ტალღა გამოიწვია, რომლებმაც შემდგომ “GCA-ის” კონკურენტ ორგანიზაცია “GERA-ს” ყოფილ წევრებთან ერთად ახალი ორგანიზაცია “IPOA” დააარსეს და ზემოაღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ.
ამ ყველაფრის ფონზე, “CISAC-ის” აგრესიულად ნეგატიური პოზიცია საქართველოში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი რეფორმის მიმართ, ასევე გადი ორონის საფუძველს მოკლებული მოთხოვნები კონკურსის შედეგების გაუქმებისა და, უფრო მეტიც, დასავლეთის პატრონაჟით განხორციელებული წარმატებული რეფორმის ანულირების შესახებ, უამრავ კითხვას აჩენს.

საქართველოში მიჩნეულია, რომ საკითხის არსი მდგომარეობს არა რეფორმის წარუმატებლობაში, არამედ “CISAC-ის” ხელმძღვანელობის მიერ “GCA-ის” თავმჯდომარის ლობირებაში (ფავორიტიზმში), რომელიც, რეფორმის შედეგად, სფეროს მენეჯმენტს ჩამოაშორეს. შესაბამისად, ქართველი ხელოვანების მხრიდან “CISAC-ი” ეჭვმიტანილია “კობალაძის კერძო ინტერესების“ დასაცავად რეფორმის ჩაშლის მცდელობაში. “CISAC-ის” ხელმძღვანელობის საეჭვო ლობირების შემთხვევები საქართველოს ხელოვანებს ახსენებთ რუსეთში განვითარებულ შემთხვევებს, სადაც ფედოტოვი, რუსეთის ავტორთა საზოგადოების (RAO) ყოფილი თავმჯდომარე – გადი ორონის მიერ საუკეთესო მენეჯერად აღიარებული და მხარდაჭერილი – ჩართული იყო ფინანსურ მაქინაციებში, რის შემდგომაც ის დააპატიმრეს. ფედოტოვმა ავტორთა კუთვნილი ჰონორარით უკანონოდ შეიძინა სასახლე ბრიტანეთში, რასაც აქტიურად აშუქებდა ბრიტანული პრესაც.
საქართველოს მთავრობა არ აპირებს რეფორმის გადახედვას, რასაც მოწმობს “CISAC-ისა” და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრის (“საქპატენტის”) მენეჯმენტის მიმოწერა, რომელიც ქართულ მედიაში გამოქვეყნდა და რომელმაც რეფორმის წინააღმდეგ “CISAC-ის” სუსტი და მიკერძოებული არგუმენტები ამხილა.
საბოლოოდ, მომავალი განსაზღვრავს ქართული რეფორმის წარმატებას, რომელიც, პირველ რიგში, გამოიხატება ქართველი ავტორების ღირსეულ ჰონორარებში, განსაკუთრებით დადებითად კი აისახება მათზე, ვინც კობალაძეს ჩამოშორდა და ახალი ორგანიზაციის ეგიდით გაიმარჯვა”, – წერია სტატიაში.