„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი საელჩოების მხრიდან, მათმა განცხადებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ იყო ადეიშვილთან – კრიმინალთან შეხვედრების ნორმალიზების მცდელობა და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი“.

„როდესაც დასავლეთმა თავისი 9 რეკომენდაცია “ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე” მითითებით დაიწყო, ბუნებრივად გაგვიჩნდა კითხვა, რას გულისხმობენ ამ ბუნდოვან ჩანაწერში. თუმცა, პასუხმაც არ დააყოვნა…

ევროკავშირის აზრით, “მეორე-მესამე კატეგორიას” მიკუთვნებული ქვეყნების აპელირება საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კონსტიტუციისადმი არ უნდა აღემატებოდეს ამ ცნებებზე დასავლეთის დისკრეციულ შეხედულებებს. მაგალითად, ჩვენი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს არა აქვს უპირატესი ადგილი დასავლეთის მხრიდან ჩვენი მსჯავრდებულების შესახებ საკუთარ ექსკლუზიურ შეხედულებებთან შედარებით.

ხოლო, თუ ვინმე ამის გამო აღშფოთებას თუ კრიტიკას გამოხატავს, იხილეთ პირველი რეკომენდაცია: “ნუ ავრცელებ დეზინფორმაციას ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე”.

ნელ-ნელა, თუმცა დაუფარავად მიდის საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დე ფაქტო უარყოფა/დელეგიტიმაცია და ნეოკოლონიზატორების მიერ თავიანთ “პლანტაციებზე” ჩვენთვის “შესაფერისი ადგილის” მიჩენა.

ამის ნათელი მაგალითია აგენტოკრატების მიერ “ნაცების” მესამე პრეზიდენტ ზურაბიშვილის წაქეზება და წახალისება, არ შეიმჩნიოს საქართველოს კონსტიტუცია და საკუთარი უპირატესი ანგარიშგების ვალდებულება მათ მიანიჭოს. ასე რომ, ქართული კინოშედევრის ეპიზოდი – “კაცი ვარ თუ პრობკა” – დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების წინაშე“, – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.