„თუკი ჩვენ რაიმე ეროვნულ თავმოყვარეობაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის სწორი პოზიცია, რომ ჩვენს მეგობრებს გავუბედოთ და, მეტიც – პირდაპირ, ღიად ვუთხრათ, რომ საქართველოში ისე არაფერი აზიანებს დასავლურ, ევროპულ განწყობებს, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპის ქვეყნებში, და არა მხოლოდ გადაადგილება – ფაქტები, როდესაც ისინი ხვდებიან უმაღლესი თანამდებობის პირებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მსჯავრდებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ევროპაში განხორციელებული ვიზიტების შესახებ საუბრისას.

„როდესაც წამებაში, რეკეტში ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანი, რეფორმატორის სტატუსით, უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება, ეს არის უფრო დამაზიანებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც კი შეიძლება მოიფიქრო (სპეკულაციურად თუ მის გარეშე) ანტიევროპულობასთან დაკავშირებით.

როდესაც თავად ფაქტს ვხედავთ – ფოტოებს, ვიდეოკადრებს, რომ ადეიშვილი ასეთი მაღალი სტატუსისა და რანგის ადამიანებს ხვდება და რეფორმებზე ელაპარაკება, ეს ერთი პრობლემაა და განწყობებს ძალიან აზიანებს. მეორე პრობლემაა რეაქცია ამ საკითხზე – პირიქით, შემოგვიბრუნდნენ და ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია და “ფეიკს” ვავრცელებდით.

რეაქცია კიდევ უფრო ამძიმებს ამ მომენტს. როდესაც გვეუბნებიან, რომ, თითქოს, ან მოგვეჩვენა ადეიშვილი, ან არ ლაპარაკობდა რეფორმებზე, ან დამსწრის სტატუსით იყო – აქ არ არის მხოლოდ დამსწრის ლოჟაში შეხვედრაზე საუბარი – საუბარია ბევრ სხვა შეხვედრაზე, სადაც ის როგორც რეფორმატორი იყო წარმოდგენილი, სადაც ის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული, დაფიქსირებული პირი.

აქედან გამომდინარე, სანამ ვინმე, ჩვენი მეგობარი იქნება, კოლეგა თუ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, გვეტყვის, რომ აქ “ფეიკები” ვრცელდება და სანამ 9 ნაბიჯზე მიგვითითებენ, სადაც მართლაც არის დათქმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით (ევროკავშირთან მიმართებით – განსაკუთრებით), ყველამ უნდა გაითვალისწინოს და გაითავისოს, რომ დეზინფორმაცია ევროპაზე დარტყმა, ევროპულობაზე დარტყმა უფრო მეტი არ შეიძლება იყოს, ვიდრე მწამებელი და რეკეტიორი ადეიშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან კომუნიკაცია ოფიციალური სტატუსით“, – განაცხადა მდინარაძემ.