„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ხაზგასმით იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის ომში მისი დანაშაულებრივი კვალის გაქრობას.
„დღითიდღე ვრწმუნდები, რომ „ხალხის ძალის” ქართულ პოლიტიკურ ველზე, ოპოზიციისათვის აქამდე უწყინარ და კომფორტულ სივრცეში გამოჩენას იქ შემოფრენილი კრაზანას ეფექტი მიეცა, დამახასიათებელი ზუილისა და არანაკლებად საშიში კბენის საშიშროების თანხლებით.
სწორედ ამისმა შიშმა „არა და არასდროს”-ის მთქმელ ქალბატონს, რომელმაც ბოლო ინტერვიუში სწორედ „ხალხის ძალა” დაასახელა თავის მთავარ ფობიად , შეიძლება მისთვის (არა საქართველოსთვის) ფატალური შეცდომა დააშვებინოს. ამ შეცდომის დაჩქარებაში სწორედ “ხალხის ძალის” დაანონსებულმა ინიციატივამ შეიძლება ითამაშოს ტრიგერის როლი: დიახ, მომავალი მოწვევის პარლამენტმა მცირე “ნიურნბერგის” პროცესი უნდა ჩაუტაროს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, განსაკუთრებით, 2008 წლის აგვისტოში სამშობლოს წინაშე ჩადენილი, აქამდე გაუგონარი ღალატის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, აქამდე სალომე ზურაბიშვილიც “სინათლის პარტიის” პოზიციების ავანგარდში იყო, დღეს მისმა „უკუნითი სიბნელის” მხარეზე გადანაცვლებამ, მისსავე „არა და არასდროს”-ში, შესაძლოა, პროგნოზირებადი კორექტივები შეიტანოს.
ამ შემთხვევაში, „ხალხის ძალის” საპარლამენტო ჯგუფი აღარ დაელოდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და, არსებული პოზიციებიდან გამომდინარე, „ნაცსექტის“ პოლიტიკური გასამართლების საკითხს დაუყოვნებლივ, უკვე დღეს, არჩევნებამდე დააყენებს.
„ხალხის ძალის” მიერ სააკაშვილის რეჟიმის გამამტყუნებელ მოწმეთა ძირითად რიცხვს, რომელიც ჩვენს დღევანდელ განცხადებაშია მოყვანილი, დაემატება იმდროინდელი ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირებიც: კარლ დე გიუხტი, ბენიტა ფერერრო-ვალდნერი და მეთიუ ბრაიზა. ასე რომ, “ხალხის ძალა” არც აქამდე დაანონსებული და არც დღეს გაჟღერებული დანაპირების მიღმა არ რჩება. საუბარი მხოლოდ ამ გარდაუვალი პოლიტიკური პროცესის საწყის ეტაპს ეხება.
ამ ეტაპის გახსნის სასტარტო „პისტოლეტი” კი, „ნაცების“ მესამე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელშია…“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.