ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის, ანუ უმაღლესი კატეგორიის ქვეყნებს შორის რეიტინგის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში მესამე სახელმწიფოა.

 

საზოგადოების კეთილდღეობის საზომებს შორის მსოფლიო მასშტაბით მოწინავე არის გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსი, რომელიც აერთიანებს კაცობრიობის განვითარების მრავალ ასპექტს, ეკონომიკურს, სოციალურს, შესაძლებლობებს, არჩევნის თავისუფლებას და ა.შ. იგი ფოკუსირებულია ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მიღებული ქულების შესაბამისად ქვეყნები 4 კატეგორიად ნაწილდება შესაბამისად, ადამიანური განვითარების „ძალიან მაღალი“, „მაღალი“, „საშუალო“ და „დაბალი“ დონის მიხედვით.

 

ადამიანის განვითარების 2023/2024 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველომ წინა წელთან შედარებით ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) შეფასება გაიუმჯობესა და მე-60 ადგილზე გავიდა. ამასთან, საქართველოს ზედიზედ მესამეჯერ მიენიჭა „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის“ სტატუსი. ადამიანის განვითარების ინდექსის სარეიტინგო პოზიციის ხანგრძლივი, ანუ 7-წლიანი, გაუმჯობესებით „ძალიან მაღალი დონის ქვეყნებს“ შორის საქართველო მსოფლიოში მეთერთმეტეა, ევროპაში კი მესამე (ირლანდიის და ხორვატიის შემდეგ). აღნიშნულ პერიოდში საქართველო რეიტინგში 4 ადგილით დაწინაურდა.

 

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე ანგარიშია, რაც საქართველო „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის სტატუსს ოფიციალურად ატარებს. ადამიანის განვითარების მსოფლიო რეიტინგში გაერომ საქართველო 2000 წლიდან ჩართო. 2000 წელს ქვეყანა 69-ე ადგილზე გავიდა, 2012 წელს კი 71-ე ადგილამდე გაიუარესა სარეიტინგო პოზიცია, 2012 წლის შემდეგ კი ჩვენს ქვეყანას რეიტინგი 11 ადგილით აქვს გაუმჯობესებული და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსს ატარებს.

 

საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ ბულგარეთს, ნატოს წევრ ჩრდილოეთ მაკედონიას და ალბანეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, ყაზახეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და ა.შ.