“ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალებად არ მიიჩნევენ, 2012 წელთან შედარებით, გაორმაგდა”, – წერს “NBC News-ი” “Gallup-ის” გამოკითხვაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, 2012 წელს “Gallup-ის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლგბტ საზოგადოებას საკუთარი თავი მხოლოდ რესპონდენტთა 3,5%-მა მიაკუთვნა. 2023 წლის გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 12 000-მა ადამიანმა მიიღო, ეს მაჩვენებელი უკვე 7,6%-ს შეადგენს. “Gallup-ის” წარმომადგენლის, ჯეფრი ჯონსის თქმით, Gen Z-ის თაობის (18-26 წლის) ქალების თითქმის 30% თავს ლგბტქ+ საზოგადოების წევრად მიიჩნევს. მათ შორის 20,7% თავს ბისექსუალს უწოდებს, 5,4% კი – ლესბოსელს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ზოგადად, ყველა თაობის წარმომადგენელთა შორის ლგბტქ+ საზოგადოების წევრებად თავს ქალების 8,5% და კაცების 4,7% მიიჩნევენ. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/- 4 პროცენტია. ამ შემთხვევაშიც, ყველაზე დიდ ჯგუფს ბისექსუალები (57,3%) შეადგენენ, შემდეგ მოდიან გეები (18,1%), ლესბოსელები (15,1%) და ტრანსგენდერები (11,8%).

“Gallup-ის” წარმომადგენლის განცხადებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალგაზრდა თაობებს შორის ლგბტქ+ საზოგადოების წევრებად იდენტიფიცირების ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია.
„თუ მოქმედი ტრენდი შენარჩუნდება, სავარაუდოდ, ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა რიცხვი ზრდასრულ ამერიკელებს შორის, უახლოესი სამი ათწლეულის განმავლობაში, 10%-ს გადააჭარბებს“, – აცხადებენ “Gallup-ში”.