თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილის ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული, რადგან ეს საკითხი სახელმწიფოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ეხება, დიახ, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რადგან რადიკალური ოპოზიციის გეგმის მიხედვით, არ უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარება. არჩევნების შედეგების არაღიარებას მოჰყვება მასობრივი აქციები, არეულობა, დესტაბილიზაცია და სისხლიანი რევოლუცია. ასეთი გეგმა არსებობდა 2020 წელსაც, თუმცა მაშინ სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა არ მისცა განხორციელების საშუალება.

ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის სქემაში; ცდილობს, გააჩინოს არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რადიკალური ოპოზიციის გარდაუვალი მარცხით დასრულდება.

საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილი დესტაბილიზაციის გარანტად გვევლინება. 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში; ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს ხმას, რაც სრულად, თეორიულადაც კი გამორიცხავს ნებისმიერ მანიპულირებას. ომისა და ღალატის პარტიას, რადიკალურ ოპოზიციას და მის ლიდერ სალომე ზურაბიშვილს არ მიეცემათ ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის გეგმის განხორციელების საშუალება. ამას არც სახელმწიფო და არც ხალხი არ დაუშვებს!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.