„თავისთავად დადგა დღის წესრიგში ის საკითხი, რომ პოლიტიკურ პარტიად გადავკეთებულიყავით, რათა სტატუსი უფრო აგვემაღლებინა და ჩვენს ბრძოლას უფრო მასშტაბური სახე მიეღო“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
„მოგეხსენებათ, ჩვენი მოძრაობა, „ხალხის ძალა“, დღეს პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა. თავიდანვე, როცა „ქართულ ოცნებას“ გამოვეყავით და ცალკე მოძრაობა დავაარსეთ, ძალიან ხშირი იყო კითხვა იმასთან დაკავშირებით, ვაპირებდით თუ არა პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას. სხვადასხვა კვლევაშიც, რომელიც NDI-სა და IRI-ის მიერ იყო ჩატარებული, ხშირად პოლიტიკურ პარტიად მოგვიხსენიებდნენ.
სადამფუძნებლო ყრილობაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 500-ზე მეტი ადამიანი იყო. გაცილებით მეტი იყო მოსურნე, რომ დასწრებოდა ყრილობას და პარტიის წევრი გამხდარიყო. თუმცა, რა თქმა უნდა, პარტიის წესდება მათ საშუალებას მისცეს, მომავალში გახდნენ ჩვენი წევრები.
დიახ, ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. პოლიტიკური პარტია ვართ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ამბიციაა, პარლამენტში მოხვდეს. თუმცა, ბარიერის დაწევაზე საუბარი არ არის. მაშინაც კი, როცა პოლიტიკური პარტია ჯერ კიდევ არ ვიყავით და არჩევნებისთვის არ ვმუშაობდით, კვლევებში 2% გვქონდა. ასე რომ, არ მიმაჩნია, რომ რესურსი არ გვაქვს, პირიქით, 5%-ზე გაცილებით მეტის ამბიცია გვაქვს. ჩვენი მომავალი მუშაობა წარიმართება ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის მისიიდან გამომდინარე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.