„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აღწერს იმ შედეგებს, რომელთაც ამავე მოძრაობამ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებამდე სულ რაღაც წელიწად-ნახევარში მიაღწია:
„არის ასეთი გამონათქვამი – უფლის წინაშე საბოლოო შედეგებით რომ განისაზღვრებოდეს ადამიანის გადარჩენის ბედი, ვინღა გადარჩებოდა. ამიტომ, მთავარი შემფასებელი კრიტერიუმი არის მცდელობა. მაგრამ, თუკი არც გიცდია, მაშინ სადღა მიდიხარ? საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკური პარტიის დაფუძნებამდე, დაარსებიდან სულ რაღაც წელიწად-ნახევარში „ხალხის ძალამ”:
გამოააშკარავა „გლობალური ომის პარტიის” არაერთი მცდელობა, ქვეყანა შეეყვანა მისი სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელ ომში, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გზით;
ქვეყნის „ნაცმოძრაობის“ განშტოებები და მათი მკვებავი “ენჯეო” სექტორი საერთაშორისო აგენტოკრატების კულუარული და არაფორმალური მმართველობის კომფორტული რეჟიმიდან სააშკარაოზე გამოიყვანა;
უპასუხოდ არ დატოვა ამ გამოაშკარავებით გაღიზიანებული „გლობალური ომის პარტიის” მესვეურების არც ერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოხტომა, მათი ავტორების რანგისა თუ რეგალიების მიუხედავად;
მათ შორის, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა, რომელიც შენიღბული და ხელშეუხებელი იყო ათობით წლის განმავლობაში;
ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალური ფრთის დასუსტებას;
ახალი მოწვევის პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირებით დააანონსა 2008 წლის აგვისტოს ომში „ნაცმოძრაობის“ მიმართ ე.წ. „მცირე ნიურნბერგის” მსგავსი პოლიტიკური სასამართლოს ჩატარების აუცილებლობა;
მზადყოფნა გამოთქვა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აღნიშნული საპარლამენტო-საგამოძიებო პროცესის დაუყოვნებლივ წამოწყების თაობაზე;
ხელი შეუწყო ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის „ნაცმოძრაობის” მესამე პრეზიდენტად ჩამოყალიბების საბოლოოდ გამოაშკარავებას;
საზოგადოებაში თანამედროვე „კუ-კლუქს-კლანისა” და ლიბერალური ფაშიზმის იდეების დანერგვასთან ბრძოლის წინა ფლანგზე იმყოფება;
ამ ეტაპის ჩათვლით, ჩაშალა „გლობალური ომის პარტიის” მიერ ქვეყანაში „მაიდანის”, „ცხელი შემოდგომისა” და ახალი „რევოლუციის” მოწყობის არაერთი გეგმა;
გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, „პრაიდის“ ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებით თუ ცალ ფეხზე ასკინკილით;
საფუძველი ჩაუყარა საქართველოს საგარეო ურთიერთობებში „ცალმხრივი” მეგობრობისა და პარტნიორობის მავნე პრაქტიკის რევიზიას, რომლის ფარგლებში აშშ-ს მოუწოდა, გადახედოს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს;
მსოფლიოში „გენდერული” კვოტებისა და „სქესობრივი მრავალფეროვნების” თეორიების მზარდი გავრცელების ფონზე, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის გამომრიცხავი კანონმდებლობის შემოღების ინიციატორი გახდა;
არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ქვეყნის სსკ-ში „სახელმწიფო ღალატის” მუხლის დაბრუნებისა და მოქმედი კანონმდებლობის დეზინფორმაციასთან და ცილისწამებასთან ბრძოლის მიზნით დახვეწის თაობაზე;
მხარს უჭერს ხელისუფლებას, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა განიხილებოდეს მხოლოდ: ღირსეული ევროპის პირობებში – ღირსეული საქართველოს მიღების სახით“, – წერს ქართველიშვილი.