არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სათაურით: „ახალი პოლიტიკური რეალობა“.
“რუსეთ-უკრაინის ომმა დღემდე იმის საპირისპირო შედეგები მოიტანა, ვიდრე ამას მთელი დასავლური სამყარო პროგნოზირებდა.
კერძოდ,
არავინ ელოდა, რომ რუსეთი გაუძლებდა თითქმის მთელი მსოფლიოს მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას – სანქცირებას;
უკრაინისათვის დასავლური სამყაროს მიერ ასეული მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების გადაცემას;
პატრიოტი უკრაინელი ხალხის მასობრივ გმირობას და თითქმის მთელი მსოფლიოდან უკრაინის მხარეს მებრძოლი მოტივირებული მოხალისეების მიერ გამოჩენილ საბრძოლო გამოცდილებას.
ყველა გათვლებით, რუსეთი უნდა დაშლილიყო, ეკონომიკურად ჩამოშლილიყო და მისი ხელისუფლება უკიდურეს გაჭირვებასა და იზოლაციაში აღმოჩენილიყო, რომელსაც ხალხი დაამხობდა. ჰააგის სასამართლოს პუტინი უნდა დაეპატიმრებინა და გაესამართლებინა.
ამის სანაცვლოდ, რა სურათია დღეს:
ომის მესამე წლის თავზე რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უპრეცედენტო რაოდენობამ – თითქმის 74%-მა მიიღო მონაწილეობა, აქედან პუტინს 87- მა მისცა ხმა და ის მე-5 ვადით აირჩია პრეზიდენტად, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ხალხი მას დამხობას არ უპირებს.
სახეზეა უფრო მეტად გაძლიერებული რუსეთი, ვიდრე ომამდე იყო. ის თანდათან იპყრობს უკრაინის ახალ-ახალ ტერიტორიებს, რომელსაც კონსტიტუციით იკანონებს.
სანქციების პერიოდში რუსეთის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ასახვა ჰპოვა უკრაინის წინააღმდეგ ახალი იარაღის წარმოებაზეც.
რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებით დაზარალებული აღმოჩნდა ევროპა და არა რუსეთი.
ნანგრევებადაა ქცეული უკრაინა, ჩამოქცეული ეკონომიკითა და განადგურებული გენოფონდით. ქვეყნიდან ლტოლვილადაა ქცეული მილიონობით უკრაინელი.
მოლოდინების გაცრუების ფონზე, ბუნებრივია, ნატო-სა და აშშ-ს დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება. ომმა და ომის მსვლელობისას მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა (რუსეთ-ჩინეთის, ასევე, არაბული ქვეყნებისა და სხვა ქვეყნების ალიანსმა) დაგვანახა, რომ ეს ის ამერიკა აღარ არის. ბაიდენის პოლიტიკა ჩაფლავებულია. დასრულებულია მისი გავლენები ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებზე. დოლარი თანდათან კარგავს მის როლსა და სიძლიერეს, რომელიც ამერიკის ჰეგემონიას განაპირობებდა.
კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნატო-ს როგორც უსაფრთხოების გარანტის მითი.
ნატო-ს არ გააჩნია საკუთარი ჯარი, რის გამოც მისი წევრი ქვეყნები ერიდებიან რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ნატო-ს წევრმა თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს ომში ჩაბმა და არავინ არის დარწმუნებული, რომ რუსეთთან ომში ჩაბმის საკითხში მათი პოზიცია ერთსულოვანი იქნება.
ამიტომ დღეს ნატო-ს წევრიც რომ გახდეს საქართველო და ამის გამო რუსეთი თავს დაგვესხას, ნატო-ს ქოლგა ვერ იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ამის მაგალითი უკრაინააა, რომელიც, მართალია, არ არის ნატო-ს წევრი, მაგრამ ის ნატო-სკენ მისწრაფების გამო გახდა რუსეთისგან თავდასხმის ობიექტი და ამიტომ ეს ქვეყანა არის ნატო-ს უპირველეს ინტერესებში.
საფრთხე იგრძნო დასავლეთმაც. ის ღიად აცხადებს, რომ პუტინი, უკრაინის შემდეგ, ომს ევროპაში განაგრძობს. ასეთ სიტუაციაში, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ამის გამო საქართველოზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ვის აქვს გარანტია, რომ ნატო საქართველოს გამო რუსეთს ომს გამოუცხადებს? და რომც გამოუცხადოს, თუ შუაგულ ევროპაში მდებარე 40-მილიონიან უკრაინას, მესამე წელია, ფაქტობრივად, ვერაფერს შველის მთელი დასავლეთი, ასეთ სიტუაციაში, სამხრეთ კავკასიაში მდებარე სამმილიონიანი საქართველოს სრულ განადგურებას 3 წელი კი არა, შეიძლება, 3 კვირაც კი არ დასჭირდეს (2008 წელს, სამდღიან ომს ტერიტორიების 22% ემსხვერპლა). ასეთ შემთხვევაში, ვისი იმედი უნდა გვქონდეს?
ასეთ რეალობებს დასავლეთშიც ხედავენ, აანალიზებენ და , შესაძლოა, ამიტომაც მოაწყო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვიზიტები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომ ამ ქვეყნებისთვის ნატო-ს ერთგულების იმედი მიეცა. მგონი, დღეს დადგა ისეთი მომენტი, როდესაც ნატო-ს უფრო სჭირდება ჩვენი რეგიონი და, კონკრეტულად, საქართველო, ვიდრე პირიქით.
დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ყბადაღებული ნატო-ს ე. წ. ქოლგა უსაფრთხოების კი არა, საქართველოსთვის საფრთხის მომტან ქოლგად შეიძლება გადაიქცეს. ამიტომ, აჩქარება არ გვმართებს. დასრულდეს 2024 წლის არჩევნები ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში, დავინახოთ, ახალი მსოფლიო გადანაწილება რა ახალ სურათს გვაძლევს და ნატო-ს მიერ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყიფაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ.
ვნახოთ ასევე, რას ქმნიან ჩინეთი, რუსეთი და არაბული ქვეყნები, ასევე – სხვები და ამ ფონზე რამდენად საიმედო იქნება ჩვენთვის ნატო-ს ქოლგა. კარგად ავწონ-დავწონოთ, რა ჯობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის; იქნებ, ისტორიის ამ ეტაპზე, საერთოდაც, ნეიტრალიტეტის გამოცხადება გვესაჭიროება თავის დასაცავად?
საერთაშორისო ფორმატებმა, შეშფოთებულ-აღშფოთებულმა განცხადებებმა, უკანონო საზღვართან სურათების გადაღებამ და შარვლის ჩახდის პოლიტიკამ რაც მოგვიტანა, ყველა ვხედავთ. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ, სულ მცირე, ამ მიმართულებით უნდა გადახედოს თავის სამოქმედო გეგმებს და დროულად დაჯდეს მოსალაპარაკებლად რუსეთთან. უპირველესად, თავი დაანებოს “ნაცებთან” უაზრო დისკუსიებს და წყლის ნაყვას იმ პოლიტიკოსებთან, ვინც კონფლიქტის რეგიონები, სამდღიანი ომით, რუსეთს გადააბარა.
წელს საქართველოს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გაისტუმრებს პოლიტიკურ ბალასტს პოლიტიკურ სანაგვეზე, რის შემდეგაც ხელისუფლებას აღარ დასჭირდება დროის ფუჭად ხარჯვა “ნაცების” საბოტაჟზე. ის მთლიანად უნდა გადაერთოს ტერიტორიების გამთლიანებასა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებაზე. მხოლოდ ასეთი პოლიტიკა შეაჩერებს ქვეყნიდან ხალხის გადინებას და, პირიქით, ჩვენს თანამოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნების მოტივაციას გაუჩენს”, – წერს კაკაბაძე.