„გუშინ დაფუძნდა პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალა“, თუმცა ჩვენი მანდატი იგივე დარჩა. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ მოსახლეობის სიმართლით შეიარაღებას და იმ წითელი ხაზების დაცვას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის“, – განაცხადა პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„მინდა გამოვეხმაურო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი განშტოებების რიტორიკას, რომელიც დღესაც გაჟღერდა და აღვნიშნო, რომ მათი რიტორიკა, საუკეთესო შემთხვევაში, აგებულია ტყუილზე და, როგორც წესი, მიზნად ისახავს ქვეყნის მავნებლობას. მათ საქმიანობას თუ გადავხედავთ, ეს არის ქვეყნის ღალატისკენ მიმართული დაუსრულებელი ქრონიკა. ასე რომ, ჩვენი ერთ-ერთი ვალი და ამოცანა იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ის განშტოებები გასამართლდნენ, რომლებიც თავს ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებად ასაღებენ („ლელო“ იქნება ეს, გახარია, „გირჩი“ თუ ა.შ).

ეს ხალხი ცდილობს, ქვეყანას ავნოს, ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას ხელი შეუშალოს. მათი ნარატივი თავიდან ბოლომდე აგებულია ტყუილზე, ფაქტებით მანიპულაციასა და დემაგოგიაზე. მათი გასამართლება მთელი საზოგადოების ინტერესშია, იმიტომ, რომ ის რეჟიმი, რომელმაც სისტემურ დანაშაულებს ჩაუყარა საფუძველი, მავნებლობას დღემდე აგრძელებს და დღემდე ცდილობს, ქვეყანას ავნოს ტყუილი განცხადებებით, თითქოს, ქვეყანაში არის შავი ხვრელი სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობისთვის, მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, აბსოლუტურად და ცალსახად დადგინდა, რომ საქართველო სანქციებს გვერდს არ უვლის და არც სხვას აძლევს ამის საშუალებას.

დემაგოგიისა და ტყუილის გავრცელებით, ფაქტებით მანიპულირებასა და ქვეყნის ომში ჩაბმას ცდილობენ, – ისეთით, როგორიცაა, თუნდაც, ხალხის გაჭირვებაზე აპელირება და ვითომდა მათ გასაჭირზე წუხილი. სინამდვილეში, მათ არც ქვეყნის განვითარება და არც ხალხის გასაჭირი ადარდებთ. ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა, იმიტომ, რომ ლეგიტიმურად, არჩევნების გზით მათ არანაირი შანსი არ აქვთ, შეცვალონ ხელისუფლება.

ასე რომ, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ამ რეჟიმის გასამართლება. არჩევნებამდე მოხდება ეს თუ არჩევნების შემდეგ, ეს დამოკიდებული იქნება სალომე ზურაბიშვილის ქმედებაზე, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, ანუ დაავალებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. უნდა დამთავრდეს ეს ტყუილი, რომელიც ქვეყნის არევისკენ არის მიმართული და უნდა ჩამოყალიბდეს რეალური ოპოზიცია, რომელსაც მართლა აინტერესებს ქვეყნის განვითარება და იმ სოციალურ განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებს, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენთან ერთად განსაზღვრავს და ახორციელებს.

ქვეყანაში რეალური ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რომელთანაც არგუმენტირებული, ფაქტებზე დაფუძნებული და საგნობრივი დისკუსია გვექნება იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა უკეთესად და როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და როგორ ავამაღლოთ ქვეყნის კეთილდღეობა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.