“ქართველ ხალხს უმადურობას ვერასდროს დააბრალებ. თუმცა, ვერანაირი კოლოსალური შემწეობაც კი ვერ აიძულებს ნამდვილ პატრიოტს, გადადგას სამშობლოს საწინააღმდეგო ნაბიჯი, ხოლო მოთხოვნებით დახმარების გაწევა მეგობრობა კი არა, ცბიერი და ვერაგული მოსყიდვაა”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ.
“ჩემი გუშინდელი FB-სტატუსის გაგრძელებად დავწერ დაყვედრებულ ამერიკულ დახმარებაზე.
რაც შეეხება ექვსმილიარდიანი დახმარების შესახებ მუსირებულ თემას: ჯერ კიდევ 2022 წლის 19 სექტემბერს, “ხალხის ძალამ” გვამცნო აშშ-დან მიღებული დაფინანსების კონტურებზე, კერძოდ:
-30 წლის განმავლობაში საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, კელი დეგნანის ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში, რეალურად, მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა;
-2013-2021 წლებში, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამერიკულმა დაფინანსებამ მხოლოდ 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 200 მილიონზე მეტი 2008 წლის ომის მძიმე შედეგების ნაწილობრივი ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური დაფინანსების ნარჩენი თანხა იყო;
-სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება 2,23 მილიარდი დოლარით, ანუ ორჯერ მეტი თანხით დააფინანსა. აქედან, ყველაზე დიდი თანხები 2006 წელს (411 მილიონი) და 2009 წელს (625 მილიონი) იქნა გამოყოფილი;
-ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი – 700 მილიონ დოლარზე მეტი “ენჯეოების” საქმიანობას, მათ შორის, სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ “ენჯეოებზე”, ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება.
ჩემი მოსაზრებით, არ აქვს მნიშვნელობა დახმარების ოდენობას, მაგრამ თუ უანგარო ხარ, ნუ მაყვედრი, ნუ მაიძულებ, უკადრებელი ვიკადრო და, თუ ამ დახმარების საბურველით მეც მებრძვი, მაშინ რა მეგობრობაზეა საუბარი?..
P.S. შეხსენება მავანთათვის: ვერანაირად ვიქნები ანტიდასავლელი, თუმცა ვამხელ და ვებრძვი ფსევდოლიბერალებს, რომლებსაც “გადაფხეკის” გარეშეც ეტყობათ ნეობოლშევიკური სამარცხვინო სიმპტომები”, – წერს აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.