“მინდა ყურადღება გავამახვილო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის საელჩოდან ადრე გავრცელდა, რომ თითქოს, საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიიღო 6 მილიარდი დახმარება და ეს გაიმეორა USAID-ის რეგიონალურმა დირექტორმაც”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„მინდა იცოდეთ, რომ აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად ქმედით და სარგებლიან დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და, მათ შორის ისიც, ამ დახმარებას, პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს. მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში გვახსენებენ იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მეორედ, უკრაინის ომში არ ჩავერთეთ, მაშინ უკაცრავად, ეს ვერ იქნება საზღაური იმისა, რაც შეიძლება საქართველოს მისდგომოდა. ამის სურათი ჩვენ ვნახეთ უკრაინაში. არათუ 6 მილიარდი, არამედ 600 მილიარდიც ვერ აანაზღაურებს იმ ზარალს.
თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დაფინანსდა იმიტომ, რომ დემოკრატია გაუმჯობესებულიყო, “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ამ კუთხით, ორჯერ მეტი იხარჯებოდა ამერიკის მხრიდან დაფინანსება, მაგრამ მივიღეთ დიქტატორული მმართველობა და ეს უმძიმესი შედეგი დღესაც ახსოვს საზოგადოებას. მაშინ, რატომღაც, არ მახსოვს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატია დეფიციტს განიცდიდა, – რა განცხადებებიც დღეს კეთდება.
ასე რომ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ძალიან ხშირად, ქვეყანაში გარე დაფინანსებები სწორედ ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისათვის გამოიყენება, როგორც ახლა დეზინფორმაცია – მტრობის სტიმულირებისთვის. საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ადამიანებმა სატყუარები არ დაარიგონ და ამ სატყუარას არავინ წამოეგოს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.