„ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თემა რამდენიმე წლით უკან დახია და ახლა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა და ქვეყნის ბევრ სფეროში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, განსაკუთრებით – ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებით.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი; პროექტი, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს შეტანილი, კონსტიტუციური დათქმა გვაქვს მასთან დაკავშირებით გაკეთებული და ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა გზით, ანაკლიის პროექტი განხორციელდეს ლეგიტიმური, კანონიერი გზით, შესაბამისი თანაინვესტირებით და სახელმწიფოს დომინირებული ჩართულობით“, – აღნიშნა მდინარაძემ.