„ოთხი წელია, საქართველოს “გლობალურმა ომის პარტიამ“ გაუხსნა პოლიტიკური ცეცხლი“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

„ოთხი წელია, ჩვენ ომში ვიმყოფებით. ამ ომმა 2022 წლამდე პოლიტიკური ბრძოლის ელფერი ატარა, მაგრამ 2022 წლის მარტიდან საქართველოს თავზე შავი ღრუბელი ჩამოწვა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ქვეყანას ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა.

მე მინდა ყველას შევახსენო, როდესაც პარტიის ჩამოყალიბებაზე მიდგა საკითხი, რომ ეს არ იყო ის ნაცადი გზა, რომელსაც აქამდე მიმართა 250-მდე თუ უფრო მეტმა დარეგისტრირებულმა პარტიამ, რომლებმაც ჯერ იქორწინეს და მერე დაიხოცნენ. ჩვენ ჯერ თვეების განმავლობაში ვიხოცებოდით და შემდგომ ვიქორწინეთ.

ეს არ იყო ხელისუფლებაში მოსვლის მოტივაცია იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, – ისინი ისედაც ხელისუფლების წევრები იყვნენ. მათ თანამდებობები, სახელისუფლებო კომფორტის ზონა დატოვეს და აუტკივარი თავი აიტკიეს. ჩემთვის, ჩვენთვის, ანუ იმ ანალიტიკოსებისთვის, რომლებიც შემოვედით ამ მოძრაობაში, არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, მე წელიწადზე მეტია ,ისეთი ოჯახური პრობლემები შემექმნა, რომ ვიღაც ჩემს ადგილზე აქტიურ ცხოვრებაზეც უარს იტყოდა, მაგრამ როდესაც შენს შვილებს, შვილიშვილებს ვიღაც ემუქრება არა პოლიტიკური ბრძოლით, არამედ, რეალური განადგურებით, ბახმუტიზაციით, აქ “მეზარება, არ შემიძლია, არ მინდა”, უბრალოდ, არ გამოვა“, – განაცხადა ქართველიშვილმა.