“ უამრავი კითხვა ჩნდება სხვადასხვა სემინარისა და მათი დონორების მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დონორებისგან ჩარიცხულ თანხებს პოლიტიკურ საქმიანობაში იყენებს. სწორედ ამიტომ ვითხოვდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას რომ შევეხოთ, გავიხსენოთ NED-ის (დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის) თავმჯდომარის, კენ ვოლაკის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სამოქალაქო სექტორს ვაფინანსებთ, მაგრამ თუ იქიდან ვინმე პოლიტიკაში მოქმედებს, ეს მიუღებელიაო, – სწორედ ამას ვგულისხმობდით, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ვითხოვდით და ის რუსულ კანონად მონათლეს.
როცა ჩვენზე ამბობენ, რატომ ინტერესდებიან მხოლოდ დასავლეთიდან ჩარიცხული თანხებით და არა – რუსეთიდანო, იმ კანონით, რასაც რუსული უწოდეს, ისიც გამოჩნდებოდა, რუსეთიდან იყო თუ არა ჩარიცხული თანხა და – რა მიზნით. იმ კანონპროექტში მხოლოდ ფინანსების გამჭვირვალობასა და მიზნობრიობაზე იყო საუბარი და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას არავინ არ ეხებოდა”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა