„ჩვენი ხელისუფლების პირობებში 100%-ით არის გაზრდილი საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობა და 44%-ით არის გაზრდილი რეგისტრაციის მაჩვენებელი. ეს არის კონკრეტული რიცხვები, რომელსაც წყალი არ გაუვა, მაგრამ “სტრატეგიის” არგუმენტებს ჰაერი გასდის და წყალიც გაუვა, რომ გადავამოწმოთ“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

„რომ ამბობთ, დაბალი აქტივობა იყო 2020-შიო, მაღალი აქტივობა სადაც იყო, იქ სად იყავით? ხომ იყო მაღალი აქტივობა? ხომ აგირჩიათ ოპოზიციაში საზოგადოების ნაწილმა! სად იყავით? რვა თვე რატომ არ მოდიოდით პარლამენტში? და ამის მერე თქვენ გვარწმუნებთ, რომ საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ხმები იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი და მაგას სცემთ პატივს? როცა ქვეყნის შიგნით ასობით ათასმა მოქალაქემ აგირჩიათ ოპოზიციაში და თქვენ არ შემოდიოდით, სანამ ევროკავშირმა და ევროპარლამენტარებმა არ გითხრეს პირდაპირ ის, რასაც ჩვენ გეუბნებოდით – ძირს უთხრით არჩევნებს და ძირს უთხრით დემოკრატიას. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, ევროპული სტანდარტით, თავისუფალ პირობებში და საქართველო გააგრძელებს განვითარებას და სვლას ევროპისკენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.